ცხინვალიდან რუსეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილია

როკის გვირაბის სიახლოვეს, კვლავ ჩაიკეტა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა. ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღეს, შაბათს დილიდან აიკრძალა. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

ოკუპირებული რეგიონის სამინისტროში განმარტავენ, რომ როკის გვირაბის ჩრდილოეთ ნაწილში გზა ჩაიხერგა მთებიდან და კლდეებიდან ჩამოცვენილი ქვების გამო. ამას დაემატა გზის ნაწილზე მიწის ჩამოშლაც.

მსგავსი მოვლენები გასულ კვირაშიც დაფიქსირდა და მაგისტრალი ორჯერ ჩაიკეტა. გზის გაწმენდის შემდეგ მძღოლებისთვის მოძრაობა აღდგა, მაგრამ ჩრდილოეთ ოსეთის დასახლებულ პუნქტ ბურონთან ღვარცოფი ისევ მოვარდა და მეწყერული პროცესები დაიწყო, რამაც ისევ გამოიწვია გზის დაკეტვა.

საგანგებო სიტუაციების ე.წ. სამინისტრომ მოქალაქეები უამინდობის შესახებ გააფრთხილა და მათ მგზავრობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 25, 26 და 27 ივნისს ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რაც სტიქიური მოვლენების რისკს ზრდის.

ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან აკავშირებს. მისი სიგრძე 164 კმ-ია, მარშრუტის ძირითადი ნაწილი გადის მაღალმთიან რელიეფზე. ზამთარში და გაზაფხულ-შემოდგომაზე ეს გზა ბუნებრივი მოვლენების გამო ხშირად იკეტება და ცხინვალის რეგიონი გარკვეული დროით გარესამყაროს წყდება.

Related posts

კომენტარის დამატება