ცნობილია, კონკრეტულად რა დამატებით შეიარაღებას მიიღებს უკრაინა აშშ-ისგან

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ჩამონათვალი დამატებითი შეიარაღებისა, რომელსაც უკრაინა მიიღებს.

პენტაგონში 1 ივნისს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, კოლინ კალმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის განკარგულებით, უკრაინის დახმარების ახალი, 700 მილიონი დოლარის პაკეტი მოიცავს:

  • ოთხ მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას (HIMARS) და 70 კილომეტრამდე რადიუსზე მოქმედების საბრძოლო მასალებს;
  • არტილერიის საწინააღმდეგო ხუთ რადარს;
  • საჰაერო მეთვალყურეობის ორ რადარს;
  • დამატებით 1000 ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინს“ და 50 გამშვებ დანადგარს;
  • 6000 ჯავშანტექნიკის საწინააღმდეგო იარაღს;
  • 15 000 საარტილერიო ჭურვს;
  • მი-17 ტიპის ოთხ ვერტმფრენს;
  • 15 ტაქტიკურ სატრანსპორტო საშუალებას.

კოლინ კალის თანახმად, ეს შეიარაღება უკრაინელებს უნდა დაეხმაროს ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის შეტევის მოსაგერიებლად და ერთ-ერთი ასეთი საჭიროება და უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნა იყო საარტილერიო სარაკეტო სისტემა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ აშშ დაარწმუნა, რომ ამ სისტემას მხოლოდ თავდაცვის მიზნებისთვის გამოიყენებს.

კოლინ კალის განმარტებით, იმის გამო, რომ უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების გადაცემა მოსალოდნელი იყო, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ HIMARS-ი წინასწარ განათავსა ევროპაში, რათა გარანტირებული იყოს უკრაინელებისთვის სწრაფად მიწოდება და შემუშავდა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სარაკეტო სისტემის უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოყენებისთვის უკრაინელი სამხედროების მომზადების დაუყოვნებლივ დაწყებას.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან აშშ-მა უკრაინას გაუწია 4.6 მილიარდი დოლარის დახმარება.

აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინას გადასცეს სარაკეტო სისტემები, ცნობილი გახდა 31 მაისს, როცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოცემა New York Times-ში გამოაქვეყნა ოფიციალური პოზიცია იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს აშშ უკრაინაში და რას – არა.

Related posts

კომენტარის დამატება