უკრაინა ციფრული პორტალით ბავშვის შვილად აყვანის პროცედურებს ამარტივებს

უკრაინის სოციალური პოლიტიკისა და ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს ცნობით, უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანის ახალი “გამარტივებული პროცედურა” დაინერგა.

უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილემ, კოსტიანტინ კოშელენკომ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში 17 000 ბავშვი ელოდება გაშვილებას.

“თუმცა, პოტენციური მშვილებელი რამდენჯერმე ნაკლებია. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ შვილად აყვანის პროცედურა ძალიან რთულია. ჩვენ ვცვლით პროცედურას სწრაფი ციფრული პროცესის განსახორციელებლად. პირველ კონსულტაციაზე მოთხოვნის წარდგენას მხოლოდ ხუთი წუთი სჭირდება.” – ამბობს კოშელენკო.

შვილად აყვანის პირველადი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია “Diia” პორტალზე ოთხშაბათიდან, შვილად აყვანის განაცხადები კი ონლაინ ხელმისაწვდომი იქნება აგვისტოდან.

სოციალური პოლიტიკის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კონფლიქტის გამო ბავშვთა სახლებიდან დაახლოებით 6506 ბავშვი იძულებით გადაადგილებულია, მათ შორის 4228 საზღვარგარეთ გადაიყვანეს.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ  განაცხადა,რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან სულ მცირე 243 ბავშვი დაიღუპა და 446 დაშავდა.

ასევე UNICEF-მა განაცხადა, რომ 3 მილიონ უკრაინელ ბავშვს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც 2.2 მილიონზე მეტს ლტოლვილთა მასპინძელ ქვეყნებში.

Related posts

კომენტარის დამატება