უკრაინაში დაღუპული ალუდა ზვიადაური საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ალუდა ზვიადაური, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, საქართველოში ჩამოასვენეს. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 25 ივნისს დღის მეორე ნახევარში, 16:00 საათისთვის დაეშვა.

“საქართველოდან უფრო ადრე წავიდა, სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა. ჯერ იყო ესთონეთში, შემდეგ პოლონეთში, სამუშაოდ იყო წასული. ომის დაწყებიდან მალევე, 6 მარტს წავიდა უკრაინაში, სხვადასხვა ფრონტზე იბრძოდა – წინა ხაზელების ზურგში იბრძოდა… დონბასში იბრძოდა, გამოჰყავდა უკრაინელი დაჭრილი მებრძოლი და მაგ დროს ზურგში მოხვდა ტყვია. როცა ნახეს გარდაცვლილი, დაჭრილი ხელში ეჭირა”, – უთხრა ჟურნალისტებს ოჯახის ახლობელმა, გიორგი მეზვრიშვილმა.

მისიევე თქმით, ალუდა ზვიადაურს ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ და ხვალ, 26 ივნისს პანაშვიდი გაიმართება. ზეგ, 27 ივნისს კი გადაასვენებენ მშობლიურ სოფელში, გომბორში და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, 24 თებერვლიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.

ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. ომის დაწყების დღიდან, უკრაინაში 16 ქართველი დაიღუპა, მათგან ხუთი უკრაინის მოქალაქე იყო.

Related posts

კომენტარის დამატება