”ვესკო, ეს გამარჯვება შენიცაა, არასდროს დაგვავიწყდები”!- ინტერვიუ ბულგარელ მწვრთნელთან, რომელიც დღევანდელი ნაკრების ფეხბურთელებს ”დინამოს” აკადემიაში ავარჯიშებდა

ბულგარელი ვესელინ ბრანიმიროვი 20016 წელს თბილისის “დინამოს” აკადემიაში მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით თამაშობდნენ აკადემიაში ხვიჩა კვარაცხელია, ირაკლი აზაროვი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მამარდაშვილი.

აღნიშნული ექვსივე ფეხბურთელი რაზგრადში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყო, ზოგმა ითამაშა, ზოგმაც არა… ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ბულგარულმა გამოცემამ ბრაინიმოროვთან ქართველი ფეხბურთელების შესახებ ინტერვიუ ჩაწერა და მისი აზრი ჩვენთვის საინტერესო უნდა იყოს…

“მათთან რომ დავიწყე მუშაობა, 15-16 წლისები იყვნენ. მათი თვისებები ადრეული ასაკიდანვე გამოიკვეთა. ისინი იყვნენ თავიანთი ასაკის მთავარი მოთამაშეები და გუნდის კაპიტნები. ცხადი იყო, რომ წამყვანი ფიგურები გახდებოდნენ და ახლა თავიანთი ქვეყნის ნაკრების ლიდერები არიან”.

მისი თქმით, ამ ფეხბურთელების გაზრდაში რამდენიმე საკვანძო მომენტია. პირველი ის არის, რომ 16 წლის ასაკში “დინამო თბილისის” აკადემია დატოვეს და სხვა კლუბებში წავიდნენ უკვე “მამაკაცთა” ფეხბურთის სათამაშოდ, მაგრამ არა მესამე, არამედ პირველ და მეორე დივიზიონებში.

მაშინვე კვარაცხელია და დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგის გუნდებმა იყიდეს, ჩაკვეტაძე კი ბელგიის “გენტში” გადავიდა…

მეორე მთავარი მიზეზი ისაა, რომ თბილისის “დინამოს” აკადემიაში ბრანიმიროვი ხელმძღვანელობდა ე.წ. მასტერ კლასებს, რაც გულისხმობს სპეციალიზებულ მუშაობას ყოველი ახლო ასაკის საუკეთესო ბავშვთან. ამ “მასტერ კლასებში” ბავშვებს შესაბამისი ნაკრების მწვრთნელებიც ეხმარებიან. მესამე მნიშვნელოვანი წერტილი არის ფიტნესი.

“შეფასდა, რომ ფიზიკურად ქართველი ბავშვები ევროპელ თანატოლებს ჩამორჩებიან. ამიტომ გადაწყდა 13 წლის ასაკიდან მათი დარბაზში ჩართვა. თქვენ ნახეთ, თუ რას უშვრებოდნენ ქართველი ფეხბურთელები ბულგარელებს, რომლებსაც არ ჰქონდათ კუნთოვანი მასა, რომ ისინი შეეჩერებინათ”, –  ამბობს ბრანიმიროვი და დასძენს, რომ საქართველოსთან შეხვედრამდე მისთვის არავის უთხოვია მეტოქის შესახებ ინფორმაციის მიცემა.

ბრანიმოროვის რჩეული კვარაცხელიაა, რომელიც ძალიან სწრაფი ფეხბურთელია.

“ის ძლიერია, ერთი-ერთზე ბრწყინვალე თამაში შეუძლია, ასევე აქვს შესანიშნავი დრიბლინგი. მის მიმართ ინტერესი ადრეულ ასაკში იყო მიუნხენის “ბაიერნიდან”, მაგრამ ის მოსკოვის “ლოკომოტივში” გადავიდა, რადგან “ბავარიელებმა” მისი ფასი ძალიან ძვირად მიიჩნიეს პატარა ბიჭისთვის”.

21 წლის შემტევმა თავისი ნამდვილი თვისებები ყაზანის “რუბინში” გამოავლინა. რუსეთ-უკრაინის ომის დროს ის სასწრაფოდ სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის “დინამოში” თამაშობს, მაგრამ მალე იტალიური “ნაპოლის” წევრი გახდება. 

ბრანიმიროვი საქართველოში აკადემიაში საფეხბურთო პირობებსაც გამოეხმაურა:

“ყველამ იცის, რომ ყველა ასეთი მოთამაშის შექმნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საჭირო პირობები. “დინამოს” აკადემიაში კი პირობებს უნიკალურს დავარქმევ.

მათ აქვთ სამი ხელოვნური მოედანი, უახლესი თაობის ბალახი – იგივე, რაც “ბაიერნის” მოედანზე. ყველაფერი. ამას აფინანსებს კლუბის მფლობელი რომან ფიფია, სახელმწიფოს არაფერი აქვს საერთო. ბაზა 2011 წელს გაიხსნა და ცერემონიას ანდრეი შევჩენკო და კრიშტიანო რონალდო ესწრებოდნენ”.

ბრანიმიროვის ამ 12 თვის მუშაობის შეფასება “დინამოში” მაშინდელი “დინამოს” ბავშვთა აკადემიის კოორდინატორის, თემურ უგრეხელიძის სიტყვებითაც შეგვიძლია შევაფასოთ, რომელმაც ბრანიმიროვს მიმართა:

“ვესკო, ეს გამარჯვება შენიცა!! რადგან შენი დახმარება არასდროს დაგავიწყდება!”.

Related posts

კომენტარის დამატება