უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს შორის 200 000 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ზელენსკის განცხადებით, მათ შორის არიან ბავშვთა სახლებიდან წაყვანილები, აგრეთვე მშობლებთან ერთად წაყვანილები და ბავშვები, რომლებიც თავიანთ ოჯახებს ჩამოაშორეს. მისივე თქმით, უკრაინა დამნაშავეებსა და ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანაზე პასუხისმგებელ პირებს დასჯის.
“უკრაინა რუსეთს აგრეთვე აჩვენებს იმას, რომ მისი დაპყრობა შეუძლებელია, რომ უკრაინელი ხალხი არ დანებდება და ჩვენი შვილები ოკუპანტების საკუთრება არ გახდება”. – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ომის დაწყების დღიდან ამ დრომდე 243 უკრაინელი ბავშვი დაიღუპა, 446 დაიჭრა, 139 კი დაკარგულად ითვლება.
19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.
როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.