ზელენსკიმ სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უტიფარი ტერორისტული აქტი უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრემენჩუგში, სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უტიფარი ტერორისტული აქტი უწოდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

„მშვიდობიანი ქალაქი, ჩვეულებრივი სავაჭრო ცენტრი, შიგნით ქალები, ბავშვები, ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოქალაქეები. საჰაერო თავდასხმის გამოცხადებამდე იქ დაახლოებით ათასი ადამიანი იმყოფებოდა. ასეთ ობიექტზე სარაკეტო დარტყმა მხოლოდ სრულიად უგუნურ ტერორისტებს შეუძლიათ, რომელთა ადგილი დედამიწაზე არ არის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სარაკეტო თავდასხმა განზრახ იყო განხორციელებული.

„ეს არ არის შეცდომით განხორციელებული დარტყმა. ეს არის რუსეთის დაგეგმილი დარტყმა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ დანაკარგები შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ბოლო მონაცემებით, კრემენჩუგში, სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 58 – დაშავდა.

Related posts

კომენტარის დამატება