უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ქალაქების მერებს მოუწოდა, გაწყვიტონ “მეგობრული” კავშირები რუსულ ქალაქებთან და ომის შემდეგ უკრაინის ხელახალ აღმშენებლობაში ჩაერთონ. ამის შესახებ ზელენსკიმ აშშ-ის მერების 90-ე კონფერენციაზე ვიდეო მიმართვისას ისაუბრა.
„ათობით ამერიკული ქალაქი რჩება რუსეთის ფედერაციის ქალაქების ე.წ “მეგობრად”, მათ შორის ჩიკაგო და მოსკოვი. რას გაძლევთ ეს კავშირები? ალბათ არაფერს. მაგრამ ეს რუსეთს აძლევს შესაძლებლობას, თქვას რომ ის არაა იზოლირებული ასეთი ომის დაწყების შემდეგაც.
შესაბამისად, მოითხოვეთ რუსეთზე უფრო მეტი წნეხის დაწესება. არ დაეხმაროთ მათ ამის გამართლებაში. არ შეინარჩუნოთ მათთან კავშირები და გთხოვთ, მათ ვინც მკვლელებად იქცნენ არ მისცეთ უფლება თქვენ ძმები და დები დაგიძახონ“ – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ომის დაწყების შემდეგ რუსებმა 3 620 უკრაინული დასახლება დაიკავეს და რუსეთმა დაახლოებით 2 500-მდე რაკეტა ისროლა უკრაინაში.
უკრაინის პრეზიდენტმა მერებს მოუწოდა, ჩაერთონ უკრაინის დახმარების “უდიდეს ეკონომიკურ პროექტში” და იზრუნონ უკრაინის იმ ქალაქებზე, რეგიონებსა და საწარმოებზე, რომლებიც ომის პერიოდში რუსეთის თავდასხმების შედეგად განადგურდა.
„მე გიწვევთ – თქვენს ქალაქებს, თქვენს კომპანიებს, ბიზნესებს და პროფესიონალებს, მიიღოთ მონაწილეობა ამ პროექტში. თქვენ შეგიძლიათ იქცეთ იმ ადამიანებად ვინც თავისუფლებას იცავენ და შესაბამისად დაასრულოთ ამ ტირანიის ისტორია.
გახდით იმ ქალაქის, რეგიონის ან საწარმოს მფარველი, რომლებიც რუსეთის თავდასხმამ გაანადგურა და ხელახლა ააშენეთ ისინი უახლესი ტექნოლოგიებით. ეს შესაძლოა, ჩვენი დროის უდიდესი ეკონომიკური პროექტი იყოს, რომელიც უკრაინას, ყველა იმ ქვეყანასა და კომპანიას გააძლიერებს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ომის შემდგომ აღმშენებლობაში“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.