მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი” კიდევ ერთი თანამიმდევრული ნაბიჯია ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის- პრემიერი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მრავალეროვნული სწავლება – “ღირსეული პარტნიორი” არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი პარტნიორ ქვეყნებთან საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ნატოსთან ურთიერთთავსობადობის მიმართულებით-ამის შესახებ  ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალეროვნული სწავლების- “ღირსეული პარტნიორი 2022-ის” დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სწავლებაში ჩართულ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს და აღნიშნა, რომ მათ კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

“ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო,  რიგითებო, ქალბატონო ელჩო, დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლებო, ყველას მოგესალმებით.

პატივცემულო სტუმრებო, გილოცავთ მორიგი მრავალეროვნული სწავლების -“ღირსეული პარტნიორი 2022-ის” წარმატებულ დასრულებას.

ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ ამ სწავლებას საქართველოში უკვე მეექვსედ ვმასპინძლობთ. 

ეს  არის კიდევ ერთი თანამიმდევრული ნაბიჯი ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ჩვენი საამაყო ჯარის პროფესიონალიზმისა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის მიმართულებით. წლიდან წლამდე ჩვენი სამხედროები, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების კოლეგებთან ერთად, ავითარებენ თავიანთ შესაძლებლობებს და ქმნიან ძლიერ კავშირებს.

სწავლების სახელი – “ღირსეული პარტნიორი” კარგად გამოხატავს იმ ძირითად პრინციპს, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს მრავალწლიან, ურთიერთგაძლიერებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. ჩვენი ქვედანაყოფები, უნიკალურ საბრძოლო უნარების დაუფლებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ ჩვენს სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებს.

მე მინდა მადლობა გადავუხადო სწავლებაში ჩართულ ყველა ქვეყანას, მათ შორის, ამ სწავლებაში პირველად მონაწილე იაპონიისა და შვედეთის წარმომადგენლებს, ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ სწავლებაში. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სწავლების ორგანიზებასა და აღსრულებაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა არის მტკიცე და მზარდი დინამიკის, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის განმტკიცებისკენ.

ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს სამხედროებს, ყველას და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ “ღირსეული პარტნიორი 2022-ის” დასრულება. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მრავალეროძნული სწავლება – “ღირსეული პარტნიორი 2022” ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ ღონისძიების სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.

მონაწილე ქვეყნების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, აშშ-ის  ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯეფრი ბროუდვოთერმა.

ღონისძიება სწავლების მონაწილე პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უცხოელი და ქართველი სამხედროები წვრთნებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით -“ღირსეული პარტნიორი”, “გენერალი მაზნიაშვილი” და “გენერალი კვინიტაძე” დააჯილდოვა.


ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების დახურვის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წევრები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისისა (ODC) და ევროკავშირის მონტორინგის მისიის წარმომადგენლები.

Related posts

კომენტარის დამატება