“ჩემთვის გული ბევრჯერ უტკენიათ… ზოგმა საერთოდ არც მომისმინა… ზოგმა თქვა, უნიჭოაო, ზოგმა – ამის იუმორს ხალხი ვერ გაიგებსო…”

საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, ერთი შეხედვით წარმატებული კარიერის და ცხოვრების მიღმა, ხშირად აქვთ დაბრკოლებები. როგორ ახერხებენ გადალახონ ადამიანების თუ გარემოებების მიერ შექმნილი ბარიერები, რა არის ამ დროს მათთვის ძალის მიმცემი, ჰქონიათ თუ არა დათრგუნვის მომენტი? – ჩვენი მკითხველისთვის ისინი საკუთარი გამოცდილების გაზიარებაზე დაგვთანხმდნენ.

ჯანო იზორია:

– ჩემთან წარმატება ადვილად არ მოსულა, უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა მომიხდა. ამის გარეშე გახდე წარმატებული, მაგას სხვა ბედი და იღბალი უნდა, თუმცა ზოგიერთის ცხოვრებაში ასეც ხდება. ჩემს დღევანდელ მდგომარეობას, თავად წარმატებას ვერც დავარქმევ, მიღწეული არ მაკმაყოფილებს; ვიცი და ვგრძნობ, გაცილებით მეტი შემიძლია

– სირთულესთან პირველი შეჯახება რომ გაიხსენო, ეს როდის და რა ვითარებაში გქონდა?

– თეატრალურში სწავლა 2003 წელს დავასრულე. მაშინ თბილისში სახლი არ მქონდა. შეიძლება ითქვას, ამ ქალაქში გასაჩერებელი ადგილი პრობლემა იყო. მაშინ ვცდილობდი, რომელიმე თეატრთან მეთანამშრომლა. მოგეხსენებათ, თეატრს სჩვევია, მსახიობმა დროებით საგრიმიოროშიც უნდა იცხოვრო. ჩემს შემთხვევაში, ასეთი რამ არ მოხდა. შემდეგ ფოთში მშობლიურმა თეატრმა მიმიღო და აფრები გავშალე, მაგრამ ვხვდებოდი, იქ მუდმივად გაჩერება და რუტინა ჩემთვის გამანადგურებელი იქნებოდა. აქტიურად დავიწყე თბილისში კასტინგებზე სიარული. ფოთიდან თბილისამდე შუაღამეს, რა ტრანსპორტით აღარ მივლია. არ ვჩერდებოდი თუნდაც იმისთვის, რომ საკუთარ თავთან მართალი ვყოფილიყავი. ეს თავისთავად, ბევრი ტკივილის, დეპრესიის ხარჯზე ხდებოდა. ყოველთვის ვიტყვი და მადლიერი ვიქნები იმ ადამიანების, რომლებმაც სხვადასხვა დროს ხელი გამიმართეს, რომლებიც ჩემ გვერდით იდგნენ. ღამეები სად არ გამითენებია და ხელი ვის არ გაუმართავს. ქუჩაშიც დავრჩენილვარ, რამდენიმე ადამიანთან ერთად შემომთენებია.

– ამ დროს ძალას რა გმატებდა, სტიმულს რა გაძლევდა, დღეს ამას რით ხსნი?

– ეს საკუთარი თავის რწმენაა. რაც უნდა ხდებოდეს, არ უნდა გაჩერდე. ერთ ადგილზე გაჩერება და უმოძრაობა გამანადგურებელია, ხსნა და ცხოვრების აზრი მხოლოდ და მხოლოდ მოძრაობაშია. თუ დანებდები, ის ადგილი მიმზიდველი ვერაფრით იქნება. სხვათა შორის, ამ გზაზე საკუთარ თავს გამოცდასაც ვუწყობდი. ადამიანს შენი საქმე თუ არ გიყვარს, ასე ვერ იბრძოლებ, დანებდები.

– და ამ ბრძოლაში რა აღმოაჩინე?

– აღმოვაჩინე, რომ საქმისადმი ერთგულება შემძლებია.

– ჯანო, ერთია, როდესაც წინააღმდეგობები გარემოებების გამო იქმნება და სულ სხვაა, როცა ბარიერებს ადამიანები ხელოვნურად უქმნიან ერთმანეთს. ასეთ ფაქტს თუ ჰქონია ადგილი თქვენს ცხოვრებაში?

– უსამართლობის, არაობიექტურობის მსხვერპლი არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ აფიშირებას არასდროს ვახდენდი. მარტო რომ ვრჩებოდი, მიზეზის პოვნას ვცდილობდი და ამ მიზეზს ყოველთვის საკუთარ თავში ვეძებდი. ჩემთვის გული ბევრჯერ უტკენიათ. ძალიან რომ მომინდომებია, შესაძლებლობები გამომიჩენია და ამ ამბავს ყურადღების მიღმა ჩაუვლია. ამის გამო ემოციები იმდენად მაწვებოდა, რომ… ზოგჯერ ძალა აღარ მქონდა. ნეპოტიზმი, ნაცნობობა, ვიღაცას დაარეკვინე – ეს არასდროს მხიბლავდა.

ჩემს ცხოვრებაში არანაირი სიკეთე ადვილად არ მოსულა, ეს ახლობლებმა და მეგობრებმა ძალიან კარგად იციან. ბევრი სირთულის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ უიღბლო ვარ. ცხოვრებამ და პროფესიამ ბევრ საინტერესო პიროვნებას შემახვედრა. ადამიანებს ჩემთვის ქედმაღლურადაც შემოუხედავთ.

ღმერთმა მიმრავლოს ასეთები, ეგენი ჩემი სტიმულატორები არიან.

ჩემზე კარგს რომ წერენ, მიხარია, ჯანსაღ კრიტიკას ვიღებ. ვინც ცუდს ამბობს, სხვაგვარ მოტივაციას მაძლევს. დღეს გაცილებით ძლიერი ვარ, ვიდრე წლების წინ ვიყავი და რაც ყველაზე მთავარია, რაც მიხარია, ის არის, რომ დაბრკოლებებს არასდროს გავუბოროტებივარ.

ილო ბეროშვილი:

– ილო, შენთან წარმატება იოლად მოვიდა?

– რთული სათქმელია, რამდენად იოლად მოვიდა, უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვი, რომ უეცრად მოვიდა, პროექტიდან “კაცი, რომელიც სულ ლაპარაკობს”.

– ანუ სწორ დროს სწორ ადგილზე მოხვდი?

– ასე გამოდის. მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორი იყო წინა პირობა, მანამდე რა ხდებოდა.

– მანამდე რა ხდებოდა?

– არ ვჩერდებოდი, ძალიან ბევრ ადგილზე დავდიოდი. მეგობრები თვლიდნენ, რომ ნიჭიერი, მაგრამ არარეალიზებული ვიყავი. სულ კასტინგებზე დავდიოდი. მაშინ, როცა “ჩერქეზული კულტურის ცენტრში ვმუშაობდი”, მეგობარმა მთხოვა, ერთ-ერთი იუმორისტული გადაცემის კასტინგზე მივსულიყავი. რა თქმა უნდა, მივედი, იქ ერთი-ორი შეკითხვა დამისვეს და მეორე დღისთვის დამიბარეს. მეორე დღესაც მივედი და მთელი დღე ტყუილად მალოდინეს… მოკლედ, იმ ამბიდან არაფერი გამოვიდა. მაშინ ბევრ შემთხვევაში ნორმალურად არც ინტერესდებოდნენ, ზოგმა საერთოდ არც მომისმინა. ამის შემდეგ კიდევ 6 კასტინგზე ვიყავი. ზოგმა თქვა, უნიჭოაო, ზოგმა – ამის იუმორს ხალხი ვერ გაიგებსო… შემდეგ გია ბაღაშვილმა ნახა ჩემი ჩანაწერი, ცნობილი ვარსკვლავების პაროდიებს ვაკეთებდი. ეს ჩანაწერი მან ჯემალ ბაღაშვილს უჩვენა და ასე მოვხვდი “იუმორინაში”. თვითმიზანი არასდროს მქონდა, ამ სფეროში მოვხვედრილიყავი, მაშინ ასე მასშტაბურად არ იყო ინტერნეტი. დღეს გაცილებით მარტივია, ყურადღება მიიქციო. ჩაწერო ვიდეო, ატვირთო, თქვა შენი სათქმელი. იმ დროს კი რაღაცების მიღწევა, დღევანდელთან შედარებით, გაცილებით რთული იყო.

– უეცრად მოსული წარმატება, ადვილი შესაძლებელია, დროებითი იყოს, ხალხმა მალე დაგივიწყოს, შენ კი აქტუალურობას დღემდე არ კარგავ. რისი შედეგია ეს?

– მოძრაობის! სულ რაღაცის გაკეთებას ვცდილობ, საკუთარ თავზე მუშაობას არ ვწყვეტ. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ. მინდა, ხალხს ადვილად გასაგები, განსხვავებული პროდუქტი შევთავაზო, ჩემი ხელწერა მქონდეს. ამას რომ ყოველთვის ვერ ახერხებ, ესაა ყველაზე დიდი წინაღობა.

– ამ გზაზე ადამიანებისგან ხელოვნურად შექმნილი ბარიერები გქონია?

– რა თქმა უნდა. იქ, სადაც კონკურენციაა, მსგავსი რამ ხშირად ხდება. თავიდან მიამიტიც ხარ და ერთ დღეს აღმოაჩენ, შენ რომ ფიქრობ, თურმე ყველაფერი ეგრე არ არის. ერთი ამერიკელი მეგობარი იყო ჩამოსული და მან მითხრა: ქართველები ერთმანეთის თვითშეფასების დაწევას სულ ასე მონდომებით რატომ ცდილობთო? ეს ამ ქვეყანაში დამკვიდრებული სტანდარტი გახდა. არ ვიცი, ჩემს შემთხვევაში, ამას ადამიანები რამდენად გააზრებულად თუ გაუაზრებლად აკეთებდნენ, მაგრამ ფაქტის წინაშე არაერთხელ დავმდგარვარ, ყოფილა პირიქითაც.

– ამ ბრძოლაში სტიმულს რა გაძლევდა?

– ამ ეტაპზე პასუხისმგებლობაა, მანამდე საკუთარი თავის პოვნის სურვილი იყო.

– ოდესმე ხელი ჩაგიქნევია? დათრგუნვილხარ?

– რა თქმა უნდა, ეს მაშინ, როცა რაღაცას ვაკეთებდი და გარემო ტოქსიკური იყო; როცა რაღაც ისე არ გამოდიოდა, როგორც მინდოდა და წარმომედგინა.

– ამ დროს საკუთარ თავთან რა შეკითხვები გქონია?

– მიღირს ეს ყველაფერი? რას ვაკეთებ არასწორად? სად ვიზარმაცე? ამ შემთხვევაში, სიზარმაცეში საკუთარ თავზე მუშაობის შეწყვეტას ვგულისხმობ. როცა არ ცდილობ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდე. მნიშვნელოვანია იცოდე, რა განიჭებს სიამოვნებას. სტივ ჯობსი ამბობდა, საქმეს სიყვარულს თუ გამოაცლი, მერე რუტინა რჩება და მაზოხიზმში გადადიხარო. თუ გინდა, საქმე სიამოვნებას განიჭებდეს, იმ საქმის მიმართ ვნება და საკუთარ თავზე მუშაობის უნარი უნდა გქონდეს. ფეხბურთს რომ ვთამაშობდი, წინაღამეს ისე ვიძინებდი, ვხედავდი, გოლი როგორ გამქონდა და დილა რომ თენდებოდა, ერთი სული მქონდა, თამაში როდის დაიწყებოდა. ხანდახან წარუმატებლობამ შეიძლება, მეტად გაგაძლიეროს, ვიდრე წარმატებამ.

– ამ ბრძოლაში საკუთარ თავში რა აღმოგიჩენია?

– საკუთარი შესაძლებლობები კითხვის ნიშნის ქვეშ დამისვამს და სიამაყის განცდაც მქონია, თურმე რა შემძლებია, ამას საკუთარი თავისადმი რწმენა გაუმყარებია. გადამწვარიც ხშირად ვყოფილვარ, ერთდროულად 4 პროექტზე რომ მუშაობ, საკუთარ თავს გართობის უფლებას ვეღარ აძლევ; ღამეს ვერ გაათენებ იმიტომ, რომ დილით ეკრანზე უნდა იყო, არადა საჭიროა, “პარი” გამოუშვა. ამ დროს სპორტი მეხმარება. ძალიან დაღლილს მითამაშია კალათბურთი და ენერგიით დავტენილვარ. ხშირად წარმატება მსხვერპლზე წასვლას მოითხოვს, რაღაცებზე უარის თქმა აუცილებელია. შენს თავს უნდა უთხრა, 2 წელი ამ რუტინაში უნდა იყო, მაგრამ აქაც ზომიერებაა საჭირო; მნიშვნელოვანია, ამ რუტინამ არ გშთანთქას.

– დღეს შეგიძლია თქვა, რომ საკუთარი თავი აღმოაჩინე?

– შემიძლია ვთქვა, მაგრამ ეს მუდმივი პროცესი უფრო მგონია, საკუთარი თავის აღმოჩენა მთელი ცხოვრება გრძელდება.

– დაბოლოს, რას ეტყვი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც კარიერაში ფეხს ახლა იდგამენ, რომლებიც დაბრკოლებებით სავსე გზას ახლა გადიან?

– დღეს უამრავი ხერხია იმისთვის, რომ ყურადღება მიიქციონ, ამის საშუალებას ინტერნეტი იძლევა. მაქსიმალურად იყვნენ თვითმყოფადები, არ დაკარგონ ინდივიდუალურობა და არ იფიქრონ, რომ საინტერესოები არ არიან. უნიკალურობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის, ამას დროთა განმავლობაში მიხვდებიან. ინდივიდუალიზმის დაკარგვას ყველაფრის დაკარგვა სჯობს. აუცილებლად დაჯილდოვდება ის, ვინც ხელს არ ჩაიქნევს. შეიძლება სასურველი შედეგი გაიწელოს, მაგრამ აუცილებლად დადგება! ადამიანები დღეს ხშირად ვაკრიტიკებთ ერთმანეთს და რაც გულსატკენია, შეფასებებისას ძალიან რადიკალურები ვართ. ბევრჯერ გაგიჩნდებათ ეჭვი, ნიჰილისტური განწყობაც გექნებათ, მაგრამ განსაკუთრებული მონდომებით მაშინ უნდა იბრძოლოთ, როცა შედეგი არ დგება, ამ პერიოდს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და თუ საკუთარ თავს შეინარჩუნებთ, ჯადოსნური ამბავი აუცილებლად მოხდება.

ადვოკატი:

Related posts

კომენტარის დამატება