აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანი 12 პუნქტთან დაკავშირებით, ევროპული კომისიის შეფასებას გამოეხმაურა. ელჩის შეფასებით, იმედის მომცემია კომისიის შეფასება, რომ 12 რეკომენდაციიდან 3 შესრულებულია. მისივე თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია და საჭიროა მეტი მუშაობა სხვა სფეროებში.
“12 რეკომენდაციიდან საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სამის შესრულებაში. სხვადასხვა მიმართულებით გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. პარლამენტის გადაწყვეტილება დეოლიგარქიზაციის კანონის შეჩერების შესახებ დადებითად იქნა აღქმული. ვენეციის კომისია, ევროკომისია და ევროპული საბჭო მკაფიო იყვნენ, რომ კანონპროექტი ჯობდა არ გასულიყო, რადგან არსებობს უკეთესი გზები, რომლითაც შესაძლებელია, პოლიტიკური და ფინანსური გავლენები ეფექტურად შემცირდეს საქართველოს დემოკრატიულ სისტემაში, სისტემური რეფორმების გზით და არა კანონის მიღებით.
ყველა აცნობიერებს, რომ 12 რეკომენდაციით გათვალისწინებული რეფორმების შესრულება საკმაოდ რთული ამოცანაა, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და მისი სისტემების გაძლიერებისთვის. ვფიქრობ, წახალისებაა ქვეყნისთვის ის ფაქტი რომ კომისიამ 3 რეკომენდაცია შესრულებულად მიიჩნია. ამან კი უზრუნველყო მკაფიო გზამკვლევი რომელსაც საქართველო უნდა მიყვეს, მათ შორის ინკლუზიური პროცესი, რა დროსაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოება ბოლომდე ჩართული იყოს რეკომენდაციების საკითხზე დისკუსიებში. იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად დადგება მომდევნო თვეებში, რეალური პროგრესის მისაღწევად და ამ დავალების დასასრულებლად,” – განაცხადა კელი დეგნანმა.