ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა | “მთავარი არხის” გენ.დირექტორის საქმე სახდეპის ანგარიშში

“მთავარი არხის” დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობის საქმეზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ, 2022 წლის ანგარიშშია საუბარი. 

57-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც მთლიანად საქართველოს ეძღვნება, ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2022 წლის 16 მაისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც “მთავარი ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორს, ნიკა გვარამიას, სამწელიწადნახევრიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, სახალხო დამცველის აპარატმა, ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მკაცრად გააკრიტიკეს”.

სახდეპი, არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-ზე დაყრდნობით წერს, რომ ნიკა გვარამიას გასამართლებამ გამოავლინა „მთავრობის მზარდი გავლენა სასამართლოებზე რიგ საქმეებში, რომლებიც მიზნად მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების დათრგუნვას ისახავს“.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია ნათქვამი, “სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქმე პოლიტიკურ დევნად შეაფასეს”.

ისინი ასევე წერენ, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქოს გადაწყვეტილება და ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. 

“სახალხო დამცველის აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს სხვადასხვა სამართლებრივ ხარვეზთან დაკავშირებით და ორივე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელი უწოდეს”, – წერს სახდეპი.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოავლინა სამართლიანი სასამართლოს უფლების სხვადასხვა კომპონენტის დარღვევა.

“ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კომერციულ დირექტორთან მეგობრობის გათვალისწინებით, საქმის განხილვისას, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაადგინეს ინტერესთა კონფლიქტი და დააყენეს  მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აცილების საკითხი”, – წერია ანგარიშში.

სახდეპი, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრები ჰყავს. ანგარიშში Amnesty International-ზე დაყრდნობით პირდაპირ წერია, რომ 16 მაისს, ოპოზიციური ტელეარხის, “მთავარი არხის” ხელმძღვანელს, ნიკა გვარამიას, პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებით შეუფარდეს. 

ანგარიშში ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა “შეშფოთებას იწვევს საქართველოში მედიის თავისუფლების შემცირების გამო”. 

ადვოკატი/advokati

Related posts

კომენტარის დამატება