ჯაფარიძე: ჩემს ტელეგრამ არხზე 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე, ამოცანა მაქვს, რაოდენობა გავზარდო

“გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე აქციების დროს არსებულ პრობლემებზე საუბრობს, მან ორი ძირითადი საკითხი გამოჰყო :

“ერთი პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რაზეც საჯაროდ  ისაუბრეს მერე ორგანიზატორებმა, რომ რაღაცებზე ვერ შეთანხმდნენ, მათ შორის, ჩემი დაკვირვებით, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და როგორც სჩვევია ხოლმე ამ ქვეყანაში ეგეთი ტიპის  პროცესებს, ვერ შეთანხმდნენ. მათ შორის, რაღაცებზე,  რაზეც შეთანხმდნენ, მეც კრიტიკული დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მათ ქონდათ “ლიდერშიფი” აღებული ამ პროცესზე და წაიყვანეს, როგორც წაიყვანეს. ეს არის ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი  პოლიტიკოსებსაც ეხება და იმ ხალხსაც, ვინც ჩართული იყო “ლიდერშიფში”. არავის არ ჰქონდა წარმოდგენა ამდენი ხალხი, ვინც გამოვიდა ქუჩაში, ეს ხალხი სინამდვილეში რისთვის იყო მზად” – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, იგი დაკავებულია ხალხის ორგანიზებით ტელეგრამ არხზე, რომლებიც მზად არიან ქუჩაში დაუმორჩილებლობაზე და საბოტაჟზე. მან, ასევე, ისაუბრა მიზნებზე და აღნიშნა, რომ მისი მიზანია ამ ხალხის რაოდენობა გაზარდოს. 

“ყველას ესმოდა, რომ ეს ხალხი გაბრაზებული იყო იმაზე, რომ არ მოგვცა ევროკავშირმა სტატუსი და ამაზე გაბრაზებული გამოვიდნენ, მაგრამ ამისი იქით რა ნაბიჯის გადადგმაზე იყო ეს ხალხი მზად და რაზე იყვნენ წამსვლელები არავის ამაზე წარმოდგენა არ ქონდათ და ამის გამო ვერც ჩამოყალიბდნენ იმაზე, რა შეიძლება ამდენი ხანს გაეკეთებინა. მე ვაკეთებ ახლა ძალიან ჩვეულებრივად ამას. პირველად ცხოვრებაში, ტექნიკური რაღაცებით ვარ დაკავებული, რომ ადამიანები დავაორგანიზო. ჩემს ტელეგრამ არხზე 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან, რომ წამოვიდნენ და ქუჩაში პროტესტი და ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე და ეგეთ რაღაცებზე გამოთქვეს მზაობა, რომ გააკეთონ. მე ვიცი, რომ ეს ხალხი არის ეგეთი ხალხი, რომლებიც ამისთვის არის მზად. ამოცანა მაქვს,  რომ ამ ხალხის რაოდენობა გავზარდო და გავხადო რამდენიმე ათეულობით ათასი. ეგეთი ამოცანა მაქვს. ვცდილობ, რომ დღეში ერთხელ ამ ადამიანებს რაღაც ვუთხრა, რაღაც თემასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ვხედავ, რომ ბევრ რაღაცაზე წარმოდგენები მაინც გასასწორებელი გვაქვს.  მე ვაკეთებ ყველაფერს საჯაროდ, ვლაპარაკობ ყველაფერს და არაფერს არ ვმალავ, მათ შორის, გეგმასაც. აქციების დროს არ იცოდნენ რა ხალხი იყო. უნდა იცოდე რა ხალხია და რაზე მოდიან,” – განაცხადა ჯაფარიძემ.

Related posts

კომენტარის დამატება