მამუკა გამყრელიძე – უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ არ გამოიყენა და ქვეყანას ევროპული მომავლის გარეშე ტოვებს – „ქართული ოცნების“ პირობებში არარეალურია იმ მოთხოვნების შესრულება, რაც ევროკავშირისგან მოდის

„დიდი შვიდეულის“ შეხვედრამდე შარლ მიშელის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ევროკავშირი მზად არის საქართველოს და ბოსნია ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, თუ ის მოთხოვნები და რეფორმები შესრულდება, რომელთა განხორციელებასაც ევროკავშირი ითხოვს, ნიშნავს, რომ ევროკავშირი ჩვენგან ქმედით ნაბიჯებს ელის – საქართველო მათთვის რჩება, როგორც ერთადერთი დასაყრდენი რეგიონში, რომელზეც გავლენის დაკარგვა ევროპას არ სურს, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა მიეცა, თუმცა ხელისუფლებამ არ გამოიყენა და ქვეყანას ევროპული მომავლის გარეშე ტოვებს.

მამუკა გამყრელიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება არარეალურია.

„ივნისის ბოლო დღეები მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეხვედრებით დატვირთული იყო. ევროპელი ლიდერების მონაწილეობით სამიტები გაიმართა, მათ შორის „რამშტაინის“ და „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრები. ყველაფერი მადრიდში, ნატოს სამიტით დაგვირგვინდება, რომელიც 28 ივნისს დაიწყება.

ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა განცხადება, რომელიც შარლ მიშელმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე გააკეთა. ევროპისთვის საქართველო რჩება, როგორც ერთადერთი დასაყრდენი ყველა მიმართულებით, რომელზე გავლენის დაკარგვა მათ არ სურთ, მათ შორის, სამხედრო თვალსაზრისითაც.

მას შემდეგ, რაც ჩვენ უკრაინის და მოლდოვას მსგავსად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, საშიშროება გაჩნდა, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად რეგიონულ კალათში მოვხვედრილიყავით, რომელთაც ჯერ ეს გზა დაწყებულიც კი არ აქვთ. ეს საშიშროება რეალურია, თუ ჩვენ მომავალ 6 თვეში ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება ვერ მოვახერხეთ.

რაც შეეხება ბოსნია ჰერცეგოვინასთან ერთად ჩვენს განხილვას – აქ მნიშვნელოვანია რამდენიმე მომენტი. როდესაც ჩვენთვის სტატუსის მინიჭება არ მოხდა, აპელირება რამდენიმე ფაქტორზე გაკეთდა. ითქვა, რომ ჩვენ ევროპასთან სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს, რის გამოც ჩვენი მიღება არ მოხდა. ბოსნია ჰერცეგოვინა ევროპის შუაგულში მდებარეობს, მაგრამ მათ ეს სტატუსი ჯერ კიდევ ვერ მიიღეს. ითქვა ისიც, რომ ჩვენ რუსეთთან მუდმივ ომში ვართ, ბევრი მსხვერპლი გავიღეთ 2008 წელს, მანამდეც და ამ ფაქტორის გათვალისწინება არ მოხდა. ბოსნია ჰერცეგოვინა სერბებს წლები ებრძოდა, ამ ბრძოლაში მათაც უამრავი მსხვერპლი გაიღეს, მაგრამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება მაინც ვერ შეძლეს.

კანდიდატის სტატუსის და შემდეგ წევრის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირისთვის მთავარი კრიტერიუმი ამ ქვეყნების დღევანდელი მზაობა და ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისობაა.

ბოსნია ჰერცეგოვინას პოტენციური კანდიდატობა 2003 წელს დაუდასტურეს. ქვეყანამ 2016 წლამდე მიიღო, როგორც ასოცირების ხელშეკრულება, ასევე ვიზალიბერალიზაცია და სხვადასხვა ბენეფიტები. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნა 2016 წელს მოხდა, მაგრამ რეკომენდაციები მხოლოდ 2019 წელს მისცეს, რომელიც ბოსნია ჰერცეგოვინას ჯერ არ შეუსრულებია, რის გამოც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ იღებს.

ჩვენ, შეიძლება ითქვას, რომ გაგვიმართლა – უკრაინაში ომის გავლენით ევროკავშირის კარი გაიხსნა, უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ არ გამოიყენა და ქვეყანას ევროპული მომავლის გარეშე ტოვებს.

ჩვენ ვდგავართ არჩევანის წინაშე – ან ბოსნია ჰერცეგოვინასთან ერთად გვექნება საშუალება, იმ ქვეყნებს შორის ვიყოთ, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ, ევროკავშირის წევრები სწრაფად გახდნენ, ან გადაგვისროლონ და სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად რეგიონულ კალათში გაურკვეველი ვადით ჩავრჩეთ. ამ სახიფათო რეალობის თავიდან ასაცილებლად, ქვეყანამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს იმ მოთხოვნების შესრულება, რაც ევროკავშირისგან მოდის, მაგრამ ეს ამ ხელისუფლების პირობებში არარეალურად ჩანს. საინტერესოა, რისი იმედი უნდა გვქონდეს, თუ სათავეში კვლავ ეს ხელისუფლება დარჩება?!“, – აცხადებს მამუკა გამყრელიძე.

Related posts

კომენტარის დამატება